გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნო
აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი ეწვია. ის გაეროს განვითარების პროგრამის როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და აზეირბაიჯანის სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნო. გარდა ამისა, სტუმრებმა სერვის ცენტრთან არსებული ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობასაც მოინახულეს, სადაც 8 ჰა მიწის ფართობზე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ელიტური ჯიშის ნარგავებია გაშენებული. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძეც ესწრებოდნენ.
აგროსერვის ცენტრი ერთადერთი არაკომერციული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მასში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ემსახურება. ამ მიზნით ორგანიზაციაში მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ხილის შრობა-გადამუშებისა და მსხ. რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები. 2015 წლიდან კი ორგანიზაცია ფერმერებს საკუთარ სანერგეებში წარმოებულ ციტრუსისა და ვაზის ნერგებსაც შესთავაზებს.
აგროსერვის ცენტრში სერვისების ნაწილი გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ENPARD Ajara- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ფარგლებში ფინანსდება.