ახალი სკები მეფუტკრეებს თანხის დაზოგვასა და შრომის შემცირებაში ეხმარებათ
ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს განაწილებული ფუტკრის სკების მონიტორინგი განახორციელეს. მათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მეფუტკრეები მოინახულეს, რომლებმაც დადაბლანტის ტიპის ფუტკრის სკები თანადაფინანსების პრინციპით შეიძინეს. მეფუტკრეების განცხადებით, ახალი სკები მათ ფინანსებისა და შრომის დაზოგვაში დაეხმარათ, რადგან ჩვეულებრივი სკისგან განსხვავებით დადაბლანტის სკა ზამთარში არ საჭიროებს დათბუნებას, რაც ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ახალი სკები მოწყობილია ისე, რომ მეფუტკრეს უადვილდება ფუტკრის მოვლა-პატრონობაც. სულ გასულ წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი სკა განაწილდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამას წელსაც აგრძელებს.