აგროსერვის ცენტრის ფინანსისტები ეკოტურიზმში გადამზადდებიან
აგროსერვის ცენტრის, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და „ENPARD Ajara- სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროგრამის მხარდაჭერით 2014 წლის 6 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც რეგიონში სოფლად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებს სპეციალური გადამზადების კურსები უტარდებათ. სასწავლო კურსი 6 სამუშაო დღის მანძილზე თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს და ბიზნეს-კონსულტატების მომზადებას ისახავს მიზნად. გადამზადების კურსებში მონაწილე აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს შეეძლებათ კონსულტაციების გაცემა სოფლად ტურისტული მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირებისათვის, მათთვის დახმარების გაწევა ტურისტული ბიზნესის უკეთ დაგეგმვასა და მართვაში.
ხვალ, 7 მარტს, ტრენინგის მონაწილეებს პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარდებათ ქედაში, სოფელ გობრონეთში, სადაც ისინი საოჯახო სასტუმროს მფლობელს ესტუმრებიან. კონსულტანტები სასტუმროში არსებულ მდგომარეობას ადგილზევე გაეცნობიან და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მეპატრონისთვის რეკომენდაციებს მოამზადებენ. 11 მარტს, ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.