ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა წისქვილკომბინატი „იმპერიალი-2000“ მოინახულეს
ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა წისქვილკომბინატი „იმპერიალი-2000“ მოინახულეს. სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ წისქვილკომბინატის სამუშაო პროცესს, დაათვალიერეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტისა და მაღალი წარმადობის დაზგა-დანადგარების მქონე წისქვილები, ხორბლის ტერმინალი, ფქვილის საწყობი, ავტოტრანსპორტიდან ხორბლის ჩამომცლელი, ადმინისტრაციული შენობა, ელექტრო ქვესადგური და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები.
წისქვილკომბინატის მფლობელისა და ხელმძღვანლის ამირან მალაყმაძის განცხადებით, წისქვილკომბინატში ხორბალი ძირითადად რუსეთიდად შემოაქვთ, რაც პროდუქციის ხარისხს ამაღლებს და კონკურენტუნარიანს ხდის სხვებთან შედარებით, რადგან ადგილობრივ ბაზარზე რუსული ხორბალზე მოთხოვნა მაღალია. კომბინატი სხვადასხვა ხარისხისა და ფერის ფქვილს, ქატოს, ნატეხ ხორბალსა და ღერღილს აწარმოებს. კომბინატში სულ 45 ადამიანია დასაქმებული.
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა წისქვილკომბინატში არსებული პრობლემები მოისმინეს და იქ მყოფთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები გააცნეს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით. წისქვილკომბინატის ხელმძღვანელის განცხადებით, ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად წისქვილკომბინატში მიმდინარეობს წარმოების გაფართოება, რაც დამატებით ფინანსურ სახსრებს საჭიროებს და იმედოვნებს, რომ თავისი საწარმო შეძლებს ისარგებლოს სახელმწიფო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით“.