ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები სოფელ ჯალაბაშვილებში
ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები სოფელ ჯალაბაშვილების მცხოვრებლებს შეხვდნენ და ბოსტნეულის ნათესები დაათვალიერეს. მათ ზოგიერთ ნარგავებში დაავადება ფიტოფტოროზი და შავი ლაქიანობა დააფიქსირეს. კონსულტანტებმა ფერმერებს პესტიციდების გამოყენებისა და დაავადების მკურნალობის თაობაზე შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს.
სოფელი ჯალაბაშვილები ბოსტნეული კულტურების, განსაკუთრებით კი პომიდვრის წარმოებით გამოირჩევა. სოფელში დიდი რაოდენობით მოჰყავთ ადგილობრივი ჯიშის პომიდორი, რომელიც მთელ რეგიონში მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში ხელოვნური განაყოფიერების პუნქტის გახსნის შესახებ. ფერმერებს განემარტათ საქონლის ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობა და მისი როლი ჯიშთგანახლებისა და პროდუქტიულობის ამაღლების საქმეში.