ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო მოინახულეს
ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის უბნის ტერიტორიაზე არსებული რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „კახაბერი 2012“ დაათვალიერეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს რძის წარმოების პროცესი, ისაუბრეს რძის გადამუშავების სრულ საწარმოო ჯაჭვზე და საწარმოს გამართულ და ეფექტურ მუშაობაზე.
„კახაბერი 2012“ -ის დირექტორის ანზორ ფასანიძის განცხადებით, კომპანია დღეში დაახლოებით 300 ლიტრი რძის გადამუშავებას ახერხებეს, რომლისგანაც მაწონი, არაჟანი, ხაჭო და რძის სხვა პროდუქტები მზადდება. რძეს მეწარმე ადგილობრივი მოსახლეობიდან ყოველდღიურად ყიდულობს, რაც ფერმერებისთვის პროდუქციის რეალიზაციის პროცესს ამარტივებს და ტრანსპორტირების ხარჯებს ამცირებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების განვითარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, მერძევეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში და ამ მიმართულებით იგეგმება სხვადასხვა სახელმწიფო ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებასთან ერთად რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა კი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის კარგი შესაძლებლობა იმ ფერმერებისათვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. აღნიშნული პროგრამა საშუალებას იძლევა საკმაოდ ძვირადღირებული კრედიტი, ფერმერებმა მინიმალური საპროცენტო განაკვეთით გამოიტანონ, რაც მათ საშუალებას მისცემთ გააფართოვონ ბიზნესი, შეიძინონ ახალი მანქანა-დანადგარები და შექმნან ახალ სამუშაო ადგილები.