სოფელ ნაღვარევში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ნათესები დააზიანა
შუახევის რაიონის სოფელ ნაღვარევში ძიერმა წვიმამ და სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები დააზიანა. სოფლიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ კაკალაძე და აგრონომი რამინ დიასამიძეც შედიოდნენ, დაზიანებული ტერიტორიები მოინახულეს. კომისიის წევრებმა ფერმერთა ნათესები ადგილზე ინდივიდუალურად შეისწავლეს და მათ დაზიანებული კულტურების რეაბილიტაციისთვის საჭირო რჩევები მისცეს.
როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, ძლიერი წვიმისა და სეტყვის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი საკმაოდ მაღალია. ძირითადად, დაზიანებულია სიმინდის, კარტოფილის, ლობიოს და ბოსტნეულის კულტურები. აქედან ყველაზე მეტი ზარალი ბოსტნეულისა და ლობიოს ნათესებში შეიმჩნევა. როგორც ცნობილია ამ მცენარეებს უჭირთ დაზიანების რეაბილიტაცია. რაც შეეხება სიმინდისა და კარტოფილის კულტურებს სათანადო პროფილაქტიკური წამლობებისა და დამატებითი თოხნით შესაძლებელია სეტყვის მიერ მიყენებული ზიანის შემცირება.