გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობის ტერიტორია დეკანოზ არჩილ ჩხარტიშვილმა აკურთხა
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს ინიციატივით, გვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე ვაზისა და ხეხილის ნერგების დარგვა დაიწყო. აქციის ფარგლებში „აგროსერვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელმა ანზორ თხილაიშვილმა ვაზისა და ხეხილის ნერგები დარგეს. აქციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნოლოგიური ფაკულტეტის 20-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. აქციის დაწყებამდე ტერიტორია ჩაქვის არჩილ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა არჩილ ჩხარტიშვილმა აკურთხა.
გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობის ტერიტორიის მომზადება ვაზისა და ხეხილის ელიტური ჯიშების დასარგავად მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისიდან დაიწყო. სულ ტერიტორია 11 ჰა ფართობისაა. ამჟამად 3,5ჰა მიწის ფართობზე საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების წარმოების ეროვნული ცენტრის მიერ საჩუქრად გადმოცემული 4000 მდე ვაზისა და ხეხილის ნერგები თავსდება. მომავალი წლისთვის, ამ ნერგებიდან ახალი ნერგების წარმოება დაიწყება. მათი შეძენა მოსახლეობას კი თვითღირებულების ფასად შეეძლებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანი ეს წამოწყება. არის სხვადასხვა სახეოების ვაზისა და ხეხილის ჯიშები. მოსახლეობას ექნება საშუალება უკვე გამოცდილი ჯიშები საკუთარ მეურნეობაში მოამრავლონ,“ განაცხადა ფატი ხალვაშმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქობულეთიდან.
პროექტის მიხედვით, გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე შემოდგომისთვის ხილის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება.
„საწარმოში შესაძლებელი იქნება მოცვის მიღება, გაშრობა, დაფასოება და რეალიზება. ჩვენ ამ პროდუქციას მოსახლეობიდან შევისყიდით და რეალიზაციის შემდეგ ავუნაზღაურებთ,“ განაცხადა „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ.