5 000-მდე ფერმერს გადაეცემა სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოწყობილობა

ქობულეთის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს აგროთანადაფინანსების ვაუჩერები გადაეცათ.ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები.აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები ფერმერთა მხარდაჭერასა და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.„აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით გამართული პრეზენტაციის მთავარი დევიზი იყო - მეტი სარგებელი ჩვენი მოსახლეობისთვის და მხარდაჭერა ჩვენი ფერმერებისთვის. ვფიქრობ, რეგიონში განხორციელებული პროგრამები ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 41 მილიონი ლარია. პროგრამების გაფართოება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.„აჭარის რეგიონი თავისი უნიკალური კლიმატური პირობებითა და ბუნებრივი რესურსებით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს მეხილეობის, მეფუტკრეობისა და მეციტრუსეობის განვითარების მიმართულებით. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ცოდნის გაღრმავება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, განაახლონ საწარმოო საშუალებები, გაზარდონ წარმოების ხარისხი და პროდუქტიულობა.“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.ღონისძიებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ აგრარული სექტორის განვითარების სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები წარადგინა. მისი განცხადებით, სამინისტროს მთავარი მიზანია ფერმერთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.მიმდინარე წელს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 5 000-მდე ფერმერს გადაეცემა სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოწყობილობა, მათ შორის: მოტოკულტივატორები, მობილური შემასხურებლები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, მარცვლეულის საფქვავები, რძის საწველი აპარატები, მეფუტკრეობისა და მეღვინეობის ინვენტარი.შეხვედრის დასასრულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრებთან ერთად დაათვალიერა ფერმერებისთვის გამოფენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამინისტროს პროგრამების ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია