1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ციტრუსის მიღება-ჩაბარების პროცესს აკვირდებიან

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ციტრუსის დამზადება-რეალიზაციის პროცესს აკვირდებიან.  მათ ხელვაჩაურის რაიონში არსებული მიმღებ-შემფუთავი საწარმოები მოინახულეს. როგორც გაირკვა სეზონის დაწყებიდან საწარმოების მიერ მიღებული და რეალიზებულია 2 000 ტონაზე მეტი ციტრუსოვანთა ნაყოფი. დამზადება-რეალიზაციის ტემპი საგრძნობლად ხელისუფლების მიერ ციტრუსოვანთა ნაყოფის სუბსიდირების ახალი პროგრამის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა, რაც ყოველ კილოგრამ სტანდარტულ ნაყოფზე ხელისუფლების მიერ 0,15 ლარის დამატებას  გულისხმობს.

ინტენსიურად მიმდინარეობს მანდარინის ნაყოფის მიღება-რეალიზაცია მახოსა და თხილნარის ცენტრის შემფუთავ საწარმოებში, სადაც 250 ტონა ციტრუსი -მახოს საწარმოში, 340 ტონა კი თხილნარის საწარმოშია ჩაბარებული და რეალიზებული. გარდა ამისა, თხილნარის ცენტრის შემფუთავ საწარმოს გადამუშავებული და სარეალიზაციოდ მზად აქვს 35 ტონამდე მანდარინის ნაყოფი. დიდთოვლობისა და უგზოობის გამო ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება-რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა ერგეს შემფუთავ საწარმოში.

ციტრუსის მიმღები ქარხნები ნაყოფს მოსახლეობიდან ძირითადად  35 თეთრად ღებულობენ.  ყოველ  ჩაბარებულ კილოგრამ ციტრუსის ნაყოფზე ემატება სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 15 თეთრი, რაც მათ საბანკო ანგარიშებზე ერიცხებათ.  ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური აგრძელებს მონიტორინგს ციტრუსოვანთა ნაყოფის გადამამუშავებელ და შემფუთავ საწარმოებში.