1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ჭარნალში ფერმერული მეურნეობა მოინახულეს

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ  მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობების მონახულებას. ამჯერად, ისინი ფერმერ ნოდარ გელაძის მეურნეობას სტუმრობდნენ. გელაძეს 1 ჰა სავარგულზე  გაშენებული აქვს  მრავალწლიანი ნარგავები, საიდანაც ციტრუსს ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. აქვს ფორთოხალი, ვაშინგტონი, ლიმონი, კივის ხუთი და ხურმის რამდენიმე ჯიში, ასევე  აქვს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, კაკლისა და თხილის სხვადასხვა ჯიშები, მოჰყავს ბოსტნეული კულტურები.

ნოდარ გელაძე მრავალწლიანი ნარგავების ნერგების გამოყვანასა და მყნობას თავად აწარმოებს. აქვს ხურმის, კივის, ციტრუსის, თესლოვანი და კურკოვანი ხილის საძირეები. ფერმერი მის მიერ გამოყვანილ სხვადასხვა ჯიშის მცენარეთა ნერგებს მეზობლებსა და დაინტერესებულ პირებს უსასყიდლოდ ურიგებს. გელაძეს თავის ნარგავებში დროულად შეაქვს  მინერალური და ორგანული სასუქები, ასევე დროულად ატარებს  მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსაც. ამის გამო მის მიერ მოშენებული ნარგავები ვიზუალურად კარგად გამოიყურება და მსხმოიარობაც დამაკმაყოფილებელია.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კივის ნერგების მოვლა-პატრონობამ. როგორც ფერმერი აცხადებს, ერთი ძირიდან ის საშუალოდ  300 კგ-მდე ნაყოფს იღებს.  იგი გაერთიანებულია სოფელ ჭარნალში შექმნილ ფერმერულ გაერთიანებაში და მომავლისთვის ფიქრობს საკუთარი მეურნეობის გაფართოებას.