კონსულტანტები ფერმერებს მოცვის კულტურის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა კომპანია „ვანრიკი“-ს ლაბორატორია მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მოცვის ნერგების გამოყვანის სრულ ციკლს. ლაბორატორიაში ძირითადათ ლურჯი მოცვის კულტურა გამოყავთ, თუმცა ადგილზე აწარმოებენ მაყვლის კულტურასაც. ნერგებს სინჯარაში, სპეციალურ საკვებ არეზე მიკრო კლონირების მეთოდით ამრავლებენ. ლაბორატორიაში დღემდე 400 ათას ცალ ნერგზე მეტი აქვთ წარმოებული, სამომავლოდ კი გეგმავენ წარმოების მილიონამდე გაზრდას. ლაბორატორია მოცვის ნერგებით ძირითადად საკუთარ მეურნეობას ამარაგებს, თუმცა ასევე ღებულობს შეკვეთებსაც. კომპანია „ვანრიკ“-ს ლურჯი მოცვი ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში 70 ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული. ლურჯი მოცვის ნაყოფი ძირითადათ ექსპორტზე გააქვთ და 1 კგ ნედლი ნაყოფის ღირებულება საშუალოდ 9 ლარია.
მოცვი საკმაოდ მომგებიანი კულტურაა. ის ადვილად ეგუება მჟავე ნიადაგს და 1 ჰექტარზე საშუალოდ 10-15 ტონა მოსავლის მიღებაა შესაძლებელი. ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რაიონში ჩაის ამორტიზირებული პლანტაციების ხარჯზე არსებობს მიწის შესაბამისი რესურსი მოცვის კულტურის გასაშენებლად. სპეციალისტები მოცვის კულტურის მოვლა-მოყვანის შესახებ „ვანრიკის“ ლაბორატორიაში მიღებულ ინფორმაციას ფერმერებს მიაწვდიან.