ქედაში ღვინის საწარმო იხსნება
ქედაში ღვინის ქარხანა გაიხსნება. ადგილი, სადაც მალე ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყება აგროსერვის ცენტრის ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოინახულეს. ღვინის საწარმოს მფლობელია კომპანია „კახეთის ტრადიციული მეურნეობა“, რომელმაც ქედის ღვინის ქარხნის ძველი ტერიტორია შეისყიდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად ახალ ქარხანაში 1200-1500 ტონამდე ყურძნის გადამუშავება იქნება შესაძლებელი. „კახეთის ტრადიციული მეურნეობა“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც თავისი პროდუქცია უკრაინასა და ყაზახეთში გააქვს. ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის სოსლან შერვაშიძის განცხადებით, ახალი ღვინის ქარხანა ხელს შეუწყობს ქედის მუნიციპალიტეტის როგორც სოციალურ-ეკონომიური, ასევე ტურისტული მდგომარეობის გაუმჯობესებასაც.