აგროსერვის ცენტრის აგროქიმიკოსებსა და კონსულტანტებს ტრენინგი ჩაუტარდათ
აგროსერვის ცენტრის აგროქიმიკოსებსა და კონსულტანტებს ნიადაგისა და ხილის ანალიზების ასაღები თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებისა და დანიშნულების შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის აგროქიმიკოსი ვლადიმერ დოლიძე ატარებდა. ახალი ხელსაწყოები აგროსერვის ცენტრს გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებით გადმოეცა. საველე ლაბორატორიისა და სპეციალური ხელსაწყოების ნაკრების მეშვეობით შესაძლებელია ნიადაგის 15 სახეობის ანალიზის აღება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, ჰუმუსი, მჟავიანობა და სხვები. გარდა ამისა სინესტისა და შაქრიანობის განსაზღვრა 16 სახეობის მარცვლეულის თესლში. ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში, აგროსერვის ცენტრის აგროქიმიკოსებს საშუალება ჰქონდათ ნიადაგის ანალიზები და მისი ლაბორატორიული კვლევა ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში თავადვე გაეკეთებინათ.
აგროსერვის ცენტრში გაეროს პროგრამის ფარგლებში უახლოეს პერიოში ამოქმედდება ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისი, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციის აგროქიმიკოსები ფერმერთა გამოძახების შემთხვევაში ადგილზე მისვლით ჩაატარებენ ნიადაგის აგროქიმიურ კვლევას და იქვე გასცემენ რეკომენდაციებს თუ რა გზებით გაზარდონ ფერმერებმა ნიადაგის ნაყოფიერება. ტრენინგები აგროსერვის ცენტრის აგროქიმიკოსებისთვის მომავალშიც იგეგმება.